პოემის დასაწყისში მკითხველი ეცნობა ალუდა ქეთელაურს,’დავლათიან’,ჭკვიან,ფიცხ და შემმართებელ მეომარს.ალუდას ამგვარი დახასიათებიდან ვაჟა სწრაფად გადადის პოეტური სახის უცნაურ ნათელზე,როდესაც ამბობს:
„ ქისტებს წაუსხამ ცხენები, ალუდაისიც ფთიანი,
გუმან აქვ გადაავლიონ
არხოტის თავი მთლიანი,
გადაბერტყინონ ნალითა
ქუჩი მთებისა ცვრიანი“.
ქუჩი მთის წმინდა ბალახია და ბუნების შეუბღალავ სიმშვენიერეს ასახიერებს.მომდევნო სტრიქონებში ვაჟა გარიჟრაჟის მშვიდ სურათს აღწერს:
“გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო,
ძაღლებს კი სძინავ თეოზე,ჯერ არ გაშლილა ცხვარიო“.
ალუდა მალევე დაეწევა ქისტებს და იწყება მისი საბედისწერო ორთაბრძოლა ქისტ მუცალთან.მესამე ტყვიით ალუდა კლავს ქისტს.მუცალი უკანასკნელად გაიბრძოლებს და აქ ხდება ისეთი მოულოდნელი რამ,რაც ალუდას ცხოვრებას ცვლის:
“მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს,დაიფევს წლულშია
მწვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გადუგო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
“ეხლა შენ იყოს რჯულძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა."
ალუდა მუცალს არც თოფს აჰყრის და არც მარჯვენას აჭრის,მიუხედავად იმისა,რომ ეს მას ეს მანამდე ხშირად გაუკეთებია და მისი სახლის ქავზე „მაჯვენეების ხიდია“. ალუდა დაიტირებს მუცალს,გვარს დაულოცავს,გამზრდელს შეუქებს და მისი მისამართით პირველად დასცდება წარმოუდგენელი სიტყვები: “ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო“.
მუცალთან ორთაბრძოლის შემდეგ ალუდას ქცევებსა და აზრებში ისეთი რამ ჩნდება,რაც მას საზოგადოებასთან კონფლიქტამდე მიიყვანს და საკუთარ თავში ღრმა შინაგან ძვრებს გამოიწვევს.ალუდა იმ დღიდან ხვდება,რომ მუცალი მისი მსგავსი ადამიანია,ისიც ვაჟკაცია და ღვთის შვილია,რაც ეროვნებით არ განისაზღვრება. ქისტებთან საუბრისას ალუდა ამბობს:“მით ვაქებ ვაჟკაცობასა,არ იყიდება ფულადა“ და კიდევ „იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა“. ალუდა მიდის იმ დასკვნამდე,რომ განსხვავებული სარწმუნოება არ იძლევა ადამიანთა შორის განსხვავების მყარ საფუძველს,ამიტომ ხევსურებთან დაბრუნებული ალუდა ეჭვით ამბობს:
“ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ,მარტო ჩვენ გვზდიან დედანი.
ჩვენა ვსცხონდებით,ურჯულოთ კუპრში მოელით ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ,ღვთისშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ,განა,ვინაცა ჰფიციან?
ალუდა ეჭვს გამოხატავს ტომობრივი ფანატიზმით შეზღუდული სარწმუნოების მიმართ.მას ეეჭვება ზოგიერთი სარწმუნოებრივი დოქტრინა,რის გამოც შემდგომში გაბედავს უფლისად მსხვერპლის შეწირვას მუცალის სულის მოსახსენიებლად.
ალუდა მარჯვენის მოჭრას ველურ საქციელად მიიჩნევს მუცალთან საუბრის შემდეგ და გრძნობს,რომ ეს ტრადიცია ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი და არაბუნებრივია,ამიტომ როდესაც ხევისბერი მინდია თემისთვის ალუდას სიმართლის დასამტკიცებლად მუცალის მარჯვენას მოიტანს,ალუდას მისი დანახვაც არ შეუძლია და ამბობს:“წაიღე,თუ გწამ უფალი,ნუღარ მაჩვენებ თვალითა“.
ალუდას სიზმარი უაღრესად საინტერესო ადგილია პოემაში,სადაც გმირის სულში მიმდინარე ღრმა პროცესებია ნაჩვენები.სიზმარი ასე იწყება: მიცვალებულის ირგვლივ ისხდნენ სალაშქროდ გამზადებული ხევსურები,ალუდაც მათთან ერთად იყო და ისიც სალაშქროდ ანუ სისხლის ასაღებად ემზადებოდა. როდესაც „ხანი მოვიდა წასვლისა“, ამ დროს ალუდას მუცალმა ხანჯლის ტარი ჩაუდო,მუცალი ამ დროს ისე გამოიყურებოდა,როგორ სიკვდილის წინ, “ტყვიით გულგანაძოძები“. მუცალი ალუდას ეუბნება:“თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,მე კი წავიდე ქვეყნითა,დაძეხით,ხევსურთ შვილებო,ლაშქრობით,ხმლების ქნევითა“. მუცალის ეს სიტყვები ალუდას თვალნათლივ დაანახვებს თავის განვლილ,სისხლიან ცხოვრებას. ამის შემდეგ მას ადამიანის ხორცის ჭამა წარმოუდგება სიზმრად,რაც სიმბოლოა კაცის კვლისა. ამ სიზმრიდან ალუდას ფერისცვალება იწყება.
ზოგი თვლის,რომ ალუდას ფერისცვალება მაშინ დაიწყო,როდესაც მან მუცალს მარჯვენა არ მოაჭრა,მაგრამ მეორე თავში ვაჟა გაკვრით წერს,რომ ალუდამ მუცალის ძმას მოაჭრა მარჯვენა: “ტახტაზე დაუკიდებავ მუცალის ძმისა მკლავია“. ეს მუცალის მოკვლის შემდეგ მოხდა.როგორც ჩანს,ალუდა განიცდის გარკვეულ შინაგან შერყევას,მაგრამ ჯერჯერობით ეს გაუცნობიერებელია,რადგან მასში ჯერ კიდევ გამჯდარია ძველი ჩვევა მარჯვენის მოჭრისა.
ხატობაზე აშკარა ხდება უკვე მომწიფებული კონფლიქტი ალუდას უჩვეულოდ გაზრდილ პიროვნებასა და შატილის კონსერვატულ საზოგადოებას შორის.ეს საზოგადოება ხევისბერის პირით დასწყევლის და მოიკვეთს ქეთელაურს,როგორც უღირსსა და საშიშ პიროვნებას.როგორც გერონტი ქიქოძე ამბობს:“პოემა მთავრდება კლასიკური ტრაგედიის ღირსი გრანდიოზული სურათით“-თოვლსა და ქარბუქში,მთის გაუკვალავ ბილიკებზე მიდის მზგავრი,რომელსაც შეგნებული აქვს თავისი ხვედრის გარდუვალობა და სტოიკური სიმშვიდით იღებს ამ ხვედრს.დედისა და ცოლისათვის,ისევე,როგორც დანარჩენი ხევსურებისთვის,ალუდას ახალი რწმენა გაუგებარია.ალუდა ტიტანურ სულიერ ენერგიას ამჟღავნებს,რადგან სძლევს მისი გვარტომისთვის სისხლხორცეულად გასიგრძეგანებულ მამაპაპურ ჩვევებს და რელიგიურ კანონებს.ალუდას კვლავ სწამს გუდანის ჯვარი,ამიტომაც ახვეწებს მას მუცალის სულს და ამიტომვე ტუქსავს დიაცებს პოემის უკანასკნელ თავში „ჯვარს არ აწყინოთო“.ის უბრალოდ არ იზიარებს იმ ფანატიკურ დოქტრინებს,რომლებიც მას „მოუნათლავი გმირის“ მოძმედ დანახვას უკრძალავენ.
რაც შეეხება ალუდას სიზმარს,იგი აშკარად დროში აცილებულია.თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად დავალაგებთ,სიზმრის დრო ვერ დგინდება.ზოგს ჰგონია,რომ ვაჟა-ფშაველას აქ შეცდომა გაეპარა,მაგრამ დროში აცილება განზრახ არის ჩადებული იმ რჩეულთათვის,რომელბიც მიხვდებიან,რომ აქ ჩვენი ფიზიოლოგიური,24 საათიანი დრო არ მოქმედებს,ეს „მეტადროა“,“უჟამო ჟამია“,“უდროობაა“.შესაბამისად,მძინარე ალუდა დროში პოზიციონირდება,როგორც ადამიანი-‘ღმერთი’ და არა ადამიანი-ადამიანი.
პოემაში ვაჟამ ქრისტეს დებულება „გიყვარდეს მტერი შენი“ მხატვრულ სახედ აქცია.აქ ასევე წარმოდგენილია ჭეშმარიტების პლურალიზმი.პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების,ინტერესების და მსოფლმხედველობის თანაარსებობას.ვაჟა პოემაში ორ ჭეშმარიტებას გვიჩვენებს,როცა თემიც მართალია და ალუდაც. ალუდა მართალია,როდესაც მტრის ხელის მოჭრაზე უარს იტყვის,რადგან ეს ტრადიცია ქრისტიანულად გაუმართლებელი,მკვდრის შეურაცხმყოფელი ადგილობრივი ფანატიკური წესია,მაგრამ ქეთელაური არასწორად იქცევა,როდესაც საკლავის შეწირვას თავის თავზე აიღებს.მსგავსი შემთხვევაა ნაჩვენები „ბიბილიაში“,კერძოდ,1 სამუელის 13 თავში,სადაც დაწერილია,რომ ღვთის ნებისამებრ,შეწირვის უფლება მხოლოდ წინასწარმეტყველს ჰქონდა,მაგრამ როდესაც წინასწარმეტყველი სამუელი აგვიანებდა,მეფე საულმა მის ნაცვლად შესწირა მსხვერპლი,დასაკლავი მოზვერი.როდესაც სამუელმა ეს გაიგო,ღვთის შთაგონებით უთხრა:“ახლა კი შეირყევა შენი სამეფო,უფალი თვითონ მოძებნის გულით სასურველ კაცს და დანიშნავს მას თავისი ხალხის წინამღოლად,რადგან შენ არ დაიცავი უფლის ბრძანება“.ამის შემდეგ მედე საული ღვთისგან უარყოფილ იქნა,მას დემონები სტანჯავდა და ისტერიკულ შეტევებს მწყემსი დავითის მუსიკის მოსმენით იქარვებდა,რომელიც მოგვიანებით საულის ტახტის მფლობელი გახდა.
თემის სიმართლე პირდაპირ კავშირშია მსხვერპლის შეწირვის გამო აღმოცენებულ კონფლიქტთან.ალუდას უფლება არ ჰქონდა საკუთარ თავზე აეღო უფლებამოსილება,რომელიც მისთვის არ იყო დადგენილი.ხევსურთა საზოაგდოებაში ორი ჭეშმარიტების თანაარსებობა ვერ შედგა და გაძევებულ იქნა ის ცნობიერება,რომელიც უფრო ლოიალური და ჰუმანური იყო.
რა არის ჭეშმარიტება? ცხადია,ეს ფართო ცნებაა და კონტექსტის გათვალისწინებას მოითხოვს.პოემიდან თუ ამოვალთ,ჭეშმარიტება ქრისტიანულ მორალთან შეიძლება გავაიგივოთ,რასაც ვაჟა მთელი ცხოვრება ქადაგებდა თავის შემოქმედებაში.პოემაში მან გვაჩვენა ორი ჭეშმარიტება,რომლებმაც თანაარსებობა,თანამედროვე ენით რომ ვთქვათ,კოჰაბიტაცია ვერ შეძლეს,რადგან სასწორმა იმ მხარეს გადაწონა,სადაც მასები იდგა.
ამას წინათ თბილისში ჰომოსექსუალთა აქცია გაიმართა მათდამი ჰუმანურად მოპყრობის მოთხოვნით,რომელიც დარბეულ იქნა სასულიერო პირთა და მათი მრევლის მიერ ხელჩართული ბრძოლით.საინტერესოა,რას დაწერდა ამაზე ვაჟა-ფშაველა?! ის აუცილებლად იტყოდა,რომ ორივე მხარეს აქვს გარკვეული სიმართლე ანუ ჭეშმარიტებები.ჰომოსექსუალთა სიმართლე იმაში მდგომარეობს,რომ ეს მათი ცხოვრების არჩევანია,ღმერთი არავის აძალებს თავისი დაწესებული ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრებას,ამიტომაც ბიბლიაში,მეორე რჯულის 30:19-ში ღმერთი ამბობს:“სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ,კურთხვეა და წყევლა.აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც“.ამასთანავე,პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში საუბრობს ჰომოსექსუალებზე,რომლებიც ქრისტიანები გახდნენ და ცხოვრების წესი შეიცვალეს.არავინ იცის,როგორი ორიენტაციის და ცხოვრების წესის მქონე ადამიანს აირჩევს ღმერთი.როგორც ქრისტემ თქვა:“მე მოვედი არა მართალთა,არამედ ცოდვილთა მოსახმობად“.(მათეს სახარება 9:13)
რაც შეეხება სამღვდელოების სიმართლეს,მათი სიმართლე ისაა,რომ ცოდვას უწოდებენ იმას,რაც ნამდვილად ცოდვაა,მიუხედავად იმისა,რომ ტოლერანტული ადამიანები ცდილობენ ეს უკანონო სქესობრივი კავშირი წარმოაჩინონ როგორც უბრალოდ ავადმყოფობა ან ბუნებრივი რამ,მაგრამ ეს ცოდვა იმდენად დიდია,რომ მის გამო ღმერთმა საუკუნეების წინათ ორი უდიდესი ქალაქი-სოდომი და გომორა ცეცხლის წვიმით გაანადგურა.სამღვდელოებას უფლება აქვს ამხილოს ცოდვა და დაარქვას მას ის სახელი,რაც ეკუთვნის,მაგრამ ეს არ აძლევთ მორალური და მით უმეტეს ფიზიკური დისკრიმინაციის უფლებას,ვინაიდან წმინდა წერილში უფლის მიერ ნათქვამია:“ჩემია შურისძიება,მე მივუზღავ“ (რომაელთა 12:19)
ვაჟას თანამედროვენი ვარაუდობდნენ,რომ მწერალი მათი დროის კაცი არ იყო და ის 100 წლით მაინც უსწრებდა თავის დროებას.ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში,როდესაც ძველი მოლოდინით,ვაჟა ჩვენი დროის კაცად უნდა ვიგრძნოთ,მაგრამ როგორც ჩანს,მან არა ასი,არამედ კიდევ ბევრი წლით გაუსწრო ეპოქას.მის სიდიადეს ყველა გრძნობს და აღიარებს,მაგრამ მაინც უჭირთ იმ ზნეობრივი პრინციპების გათავისება,რომელსაც მწერალი ქადაგებდა.შეუძლებელია,გესმოდეს ვაჟა და მაინც მუდამ დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში,რადგან თუ ვაჟას გაგებას ცდილობ,ეს იმას ნიშნავს,რომ შენთვის მისაღებია ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი და შეგიძლია ყველაზე ბნელ გამოქვაბულშიც კი გარედან შემოსულ პატარა სინათლეში მოციმციმე მზის ათინათი დაინახო.
No comments:
Post a Comment